"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო აჭარას ეწვია. მათი განცხადებით, 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად, აჭარის ტელევიზიიის წინ, "იქ, სადაც 2011 წელის 21 მაისს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულმა აქციამ ერას მოედნიდან გადაინაცვლა, მოვლენების ობიექტურად გაშუქებისა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნის მიზნით, აღმასრულებელმა საბჭომ და "სახალხო კრების" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს".
"შარშან სწორედ ამ ადგილას მრავალათასიანი აქცია ხელისუფლებამ მესამედ დაარბია და უკანონოდ დააპატიმრა "სახალხო კრების" რეგიონალური ლიდერები - 9 ადამიანი. 7 მათგანი კი: ცოტნე ანანიძე, ვახტანგ სიორიძე, რომან ხოზრევანიძე, გოჩა მუხაშავრია, დიმიტრი ჭეიშვილი, ანზორ სოლომონიძე, ხვიჩა გამარჯობაძე მოგონილი ბრალდებით პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა და აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისთვის დღემდე უკანონოდ იხდიან სასჯელს", - აცხადებენ ისინი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, "აღნიშნული ინციდენტის დროს დაპატიმრებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან, ბრალი არავის უღიარებია, ტელევიზიაში შევარდნას და სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გატეხეს".
"ყველა ის ადამიანი, ვინც ზის ციხეში, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არის პოლიტიკური პატიმარი და მათი გამართლების დრო მალე დადგება", - განაცხადა მან.
ბრიფინგის შემდეგ აღმასრულებელმა საბჭომ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა სახალხო კრების აჭარის აქტივის ნაწილთან, შეხვედრამ 2 საათზე მეტს გასტანა. წაკითხული იქნა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს მიმართვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადმი. აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს ვინც შარშან "ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის და რისკის ფასად გამოვიდა და წინ აღუდგა ნეობოლშევიკურ რეჟიმს".
აღინიშნა, რომ "სახალხო კრება" გააგრძელებს ბრძოლას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისათვის, სამართლიანობისათვის დემოკრატიისათვის და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება.