კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო. საქმე გიორგობიანის მიერ ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე განხორციელებულ შემოწირულობას ეხება.
როგორც კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგობიანს გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები, ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
"საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგი", მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-სთან და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციები. აღნიშნული ფონდის ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოში არალიცენზირებლი ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორის საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაედო",- ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
"ქომაგის" ანგარიშების დაყადაღების შესახებ განცხადება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა 18 მაისს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული ქმედების მიზეზად "17 მაისს, ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90 000 ევროს ოდენობის ტრანზაქციის განხორციელება" იყო დასახელებული.