საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიკაგოში გამართული ნატო-ს სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
2012 წლის 20-21 მაისს, ჩიკაგოში, გაიმართა ნატო-ს სამიტი, სადაც განიხილებოდა ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების, ავღანეთში სამომავლო ჩართულობის და პარტნიორობის საკითხები.
სამიტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომა წევრი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე, ავღანეთთან დაკავშირებული შეხვედრა ნატოსა და ავღანეთის ოპერაციის (ISAF) კონტრიბუტორ პარტნიორ სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით, ალიანსის შეხვედრა 13 პარტნიორ ქვეყანასთან, რომელთაც განსაკუთრებული პოლიტიკური, ოპერატიული და ფინანსური წვლილი მიუძღვით ალიანსის ოპერაციებში და ალიანსის შეხვედრა 4 "ასპირანტ" ქვეყანასთან, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც პარტნიორობის, ასევე "ასპირანტების" ფორმატში გამართულ ყველა შეხვედრაში.
ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე (NAC) მიღებულ იქნა სამიტის დეკლარაცია, სადაც ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხები:
ნატოს "ღია კარის" პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუქარესტის, სტრასბურგი-კელისა და ლისაბონის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოკავშირეები ადასტურებენ ძლიერ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების მსურველი პარტნიორების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, მიესალმებიან ამ ოთხი პარტნიორის მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ მათი შეფასება მოხდება ინდივიდუალურად, აგრეთვე გამოხატავენ მზადყოფნას განაგრძონ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ასევე საგულისხმოა ალიანსის წევრების განცხადება, რომ ნატო-ს გაფართოებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოკავშირეების უსაფრთხოებას, შესაბამისად, შემდგომი გაფართოებაც გააძლიერებს სტაბილურობას ევროპაში.
სამიტის დეკლარაციის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში, რომელიც მოსდევს დანარჩენი "ასპირანტი" ქვეყნების პარაგრაფებს, მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი," ამ გადაწყვეტილებების ყველა ელემენტთან ერთად. ამასთან აღნიშნულია "ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წამყვანი როლი ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში." განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან, "ბუქარესტის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის შედეგად. "დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ალიანსს შორის ურთერთქმედება "პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობის და ურთერთთავსებადობის გაძლიერების გზით". მოკავშირეებმა მადლიერება გამოხატეს "ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო," განსაკუთრებით, ავღანეთის ოპერაციაში მისი კონტრიბუციის გათავლისწინებით. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია საქართველოში 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა.
ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მიესალმნენ საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, ისევე როგორც რუსეთთან მიმართებაში განხორციელებულ "სხვა ცალმხრივ ღონისძიებებს". აქვე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და რუსეთის მიერ "საპასუხო ვალდებულების" აღების აუცილებლობას. მოკავშირეებმა კვლავ მოუწოდეს რუსეთს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლოს, როგორც ერთმანეთთან, ისე ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირთან.
"ასპირანტ" ქვეყნებთან ალიანსის შეხვედრის კონტექსტში, სადაც საქართველო მონაწილეობდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება აღნიშნული ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებას, ალიანსის ოპერაციებში მათ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო.
საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ნატო-რუსეთის ურთიერთობისადმი მიძღვნილი პარაგრაფი, სადაც მოკავშირეებმა აღნიშნეს რუსეთთან არსებული უთანხმოებები "სპეციფიკურ" საკითხებზე და ამ კონტექსტში, კვლავ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო ინფრასტუქტურის მშენებლობის საკითხზე და მოუწოდეს რუსეთს უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე.
სამიტის დეკლარაცია ასევე ეხება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში არსებულ "გაჭიანურებულ რეგიონულ კონფლიქტებს". მოკავშირეები მოუწოდებენ ყველა მხარეს, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, კონსტრუქციულობისა და არსებული მოლაპარაკებების ფორმატების პატივისცემისაკენ. ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და აღნიშნეს, რომ კვლავ გააგრძელებენ, საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, რეგიონალური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მხარდაჭერას.