საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით.
საგარეო საქმეტა სამინიტროს ინფორმაციით, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს საგარეო პოლიტიკის, გლობალური, მრავალმხრივი და უსაფრთხოების საკითხების გენერალურ დირექტორთან, სანტიაგო კაბანასთან. ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატებს, მმართველი სახალხო პარტიის წარმომადგენელს, პედრო გომეს დე ლა სერნას, რომელიც, ასევე, არის კონგრესის საკონსტიტუციო კომიტეტის სპიკერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და კონგრესის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სპიკერს, სოციალისტური პარტიის ფრაქციიდან, ხუან მოსკოსოს.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და საქართველოში მიმდინარე პროცესები.
ესპანურმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი.