პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის ვადაზე ადრე მოხსნა, პროკურორთან სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზედაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ პარლამენტმა დღეს "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა.
აქამდე მოქმედი ნორმით, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პირობით მსჯავრდებულისთვის გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდე პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა შესაძლებელი.
ახალი ნორმით კი დგინდება, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელი იქნება გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულთან პროკურორს სამოქალაქო შეთანხმება აქვს გაფორმებული და მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები.
პროკურორს შეეძლება პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვებს.
სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები და დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.
სამოქალაქო შეთანხმებით, პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას, პრობაციის ბიურო განახორციელებს, რომელიც პროკურორს შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, პერიოდულად წარუდგენს.