2012 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. როგორც "ჯი-ეიჩ*-ენს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ ბრალის აღიარების საფუძველზე, დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად თეიმურაზ ტოტოშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის" საფუძველზე, თეიმურაზ ტოტოშვილს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
როგორც "ჯი-ეიჩ*-ენს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ბრალდებულ თეიმურაზ ტოტოშვილს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თეიმურაზ ტოტოშვილმა 2012 წლის იანვრის თვეში გერმანიაში შეიძინა, ხოლო ამავე წლის 28 იანვარს საქართველოში სარფის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 46 ცალი აბი, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2012 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში დაკავებული იქნა თეიმურაზ ტოტოშვილი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა 46 ცალი აბი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველ აბებს.