არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ სრულიად ახალი მიდგომა დაინერგა. ამიერიდან, არასრულწლოვანი ბრალდებულები განახლებულ, არასრულწლოვანთათვის შესაბამის გარემოში, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით განთავსდებიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის დაინერგა ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა მოზარდის მიმართ, აქცენტი გაკეთდება ფსიქო-რეაბილიტაციაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებაზე, მათთვის პროფესიული კურსებისა და სპორტული აქტივობების შეთავაზებაზე.
შენობაში, რომელიც სპეციალურად სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა მოხატეს, ბრალდებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ და მაქსიმალური რეაბილიტაცია შეძლონ. შეიქმნა მოზარდებისთვის მეგობრული ატმოსფრო.
რეფორმის თანახმად, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოში არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ ევროპული სტანდარტების მიდგომა დაინერგა.
პროექტში ასევე მონაწილეობენ ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" (GIP) და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა"(PRI).