საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით დღეს ქალაქ ვარშავაში, ღია ცის ქვეშ, გამოფენა "საქართველო - წარსული და თანამედროვეობა" გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ისტორიული ფოტოები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, ისე საქართველოს ქალაქების, სხვადასხვა რეგიონის, კურორტების, ტრადიციების, ქართული ხელნაწერების, ხალხური ცეკვის, ეროვნული სამოსის, არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების ძეგლების, დღესასწაულებისა და თანამედროვე საქართველოს სხვა ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალა.
ექსპოზიცია მოიცავს დიმიტრი ერმაკოვის, ალექსანდრე როინაშვილის, ნიკოლოზ საღარაძის, ასევე, თანამედროვე ფოტოგრაფების - სერგო ედიშერაშვილის, გიორგი კვიჟინაძის, გოგა ჩანადირის, გიორგი მეურმიშვილის, გურამ წიბახაშვილის ფოტოებს.
ექსპოზიცია, რომელიც ვარშავის ძველ უბანში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი, 26 მაისამდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები