პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს , საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს მიმართვას უგზავნის.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, 2012 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დღითიდღე იზრდება დაძაბულობა და "თითქმის პიკს აღწევს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართული საარჩევნო სუბიექტების ურთიერთდაპირისპირება და ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული საკანონმდებლო ომი პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ".
"ხელისუფლების დესპოტიზმი და დანაშაულებრივი ნიჰილიზმი პოლიტიკური მეტოქეების მიმართ ეფექტურად აისახა გასული წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", როდესაც საახალწლო ეიფორიაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს მოქმედება დემოკრატიული სამყაროსთვის უპრეცედენტო კანონის შოკისმომგვრელი ცვლილებების საწინააღმდეგოდ, როდესაც უკვე ძალიან გვიან იყო და უკვე კანონის ძალით აიკრძალა ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება, როგორც ფინანსური, ისე მორალური რესურსების გამოყენებით.
მხოლოდ ქაღალდზე დარჩა ის ფორმულირებები, რაც საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს პარტიის ანგარიშზე გადარიცხოს 60 000 ლარი შემოწირულობის სახით.
ხელისუფლებამ მხოლოდ საკანონმდებლო რეპრესიები არ აკმარა თავის მოქალაქეებს და საარჩევნო სუბიექტებს და სადამსჯელო მანქანა აამოქმედა საქართველოს კონტროლის პალატის სახით, რომლის მარწუხებშიც უკვე მოექცნენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათი მხარდამჭერი მოქალაქეებიც. ჩვენი პოლიტიკური პარტიაც ,,განახლებული საქართველოსთვის" ხელისუფლების პოლიტიკური და ფინანსური რეპრესიების მსხვერპლია, რადგან მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატამ ჩვენი პარტიის 6 მხარდამჭერი: ლევან გვარმიანი, ლაშა გვასალია, ომარ ჯოლია, გიორგი ოძელი, მარლენ ხუცურაული და ბესიკ მამულაშვილი, რომელთაც პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხეს 65 ათასი ლარი, დაჯარიმებულ იქნენ შემოწირული თანხის ათმაგი ოდენობით, 650 ათასი ლარით, ხოლო პარტიას შემომწირველების მიმართ დაეკისრა ვალდებულება უკან დაებრუნებინა მის ანგარიშზე ჩარიცხული 65000 ლარი.
უახლოეს დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ სხდომას დანიშნავს, სადაც საბოლოოდ დააკანონებს პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" და მისი მხარდამჭერების მიმართ 650 ათასი ლარის გადახდას, რაც პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობისთვის უდიდესი ფინანსური და მორალური დარტყმა იქნება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, სასამართლოს მეშვეობით სურს მოასწროს პარტიების ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება", - ნათქვამია მიმართვაში.
ნანა გულუა თხოვნით მიმართავს დიპლომატებს, უფლებადამცველ, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ "ამ დრაკონული და რეპრესიული კანონის მოქმედებით და მის საფუძველზე მიღებული კონტროლის პალატისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებით".