დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელმაც ,,განახლებული საქართველოსთვის" აქტივისტების სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სარჩელი 12 მაისს, პარლამენტის წინ, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებაზე დაკავებული ახალგაზრდული მოძრაობის სამი წევრის: დევი ნანობაშვილის, ლაშა ჯავახიშვილისა და გოჩა მანჯავიძის გათავისუფლების მოთხოვნას ეხებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის სამ წევრს: ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილსა და გოჩა მანჯავიძეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დადგენილება სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისათვის დაადგინა, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის.
პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან პარტიის დაკავებულ წევრებს არ არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ ადვოკატის მომსახურებით და დროულად არ განემარტათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ასევე, არ დაიკითხნენ პირები, რომლებიც შემთხვევის უშუალო მოწმეები იყვნენ.