საქართველო, სავაჭრო-ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრთან ერთად, თანდათან ყალიბდება როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა. 20-31 მაისს პირველად რეგიონში, თბილისი მასპინძლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ერთ-ერთ ფლაგმანურ სასწავლო კურსს მაკროეკონომიკური მართვის და ფისკალური პოლიტიკის საკითხებში.
საქართვალოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ეკონომიკური კურსის მხარდაჭერა. დღესდღეობით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური სირთულეებისა, საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყანას სტაბილური მაკროეკონომკური გარემოს და საჯარო ფინანსების მდგრადობას კუთხით. აღნიშნული საერთაშორისო სასწავლო კურსის ჩატარება საქართველოში და მის კონტექსტში საქართველოს ეკონომიკის, როგორც წარმატებული მაგალითის განხილვა არის ამ მნიშვნელოვანი მიღწევების კიდევ ერთი აღიარება წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან.
20 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ეგიდით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიხსნა სასწავლო კურსი თემაზე: "მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები" (Macroeconomic Management and Fiscal Policy Issues). სასწავლო კურსი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონიდს მმართველი დირექტორის მოადგილემ მინ ჟუმ. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედვარდ გარდნერმა.
"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კურსი, რომელსაც პირველად ატარებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია. სემინარს ესწრებიან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი კარგი შესაძლებლობაა მათ გავაცნოთ ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ. სემინარის გახსნისას საერთაშორისო სავალუტო ფონიდს მმართველი დირექტორის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები, რომელიც ჩავატარეთ, ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, წარმატებულია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია იმ მდგრადობისა, რომელიც ქვეყანას დღეს აქვს, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.
სასწავლო კურსს კითხულობენ სსფ-ის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, ალექსანდროს მოურმოურასი (Alexandros Mourmouras) - IMF-ის ინსტიტუტის ევროპული სამმართველოს უფროსი, ჯანელი ჯოვანი (Ganelli Giovanni) - IMF-ის ინსტიტუტის ევროპული სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, რობერტ ჯილინგამი (Robert Gillingham) -კონსულტანტი. IMF-ის კურსი მოიცავს ლექციებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: არსებული გამოწვევები გლობალურ ეკონომიკაში და მათი გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაკროეკონომიკური რეგულირება და ფისკალური მენეჯმენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი კრიზისის დროს, საპენსიო მდგრადობა და რეფორმა, მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევები ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებისთვის და სხვა.
სასწავლო კურსს ორგანიზებას უწევს ფინანსთა სამინისტროს აკადემია და ტრეინინგები აკადემიის ახალ საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კომპლექსში მიმდინარეობს. სემინარს ესწრებიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები. ქართული მხრიდან - ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები.
IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორების გაზიარება. ეს თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
სამინარის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს, მოინახულებენ რუსთავის იუსტიციის სახლს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას, შსს მომსახურების სააგენტოს. 26 მაისს ქუთაისში დაესწრებიან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს, დაათვალიერებენ ბათუმს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტი დაარსდა 1964 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს IMF-ის წევრ ქვეყნებში საჯარო მოხელეების ცოდნის ამაღლებას ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში. ამ მიზნით, ინსტიტუტი სხვადასხვა ტიპის სემინარებს ატარებს სათაო და შვიდ რეგიონალურ ცენტრში, ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა რეგიონალურ ინსტიტუტებთან და წევრი ქვეყნების მთავრობებთან.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემია განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი სასწავლო კურსების ორგანიზების მიზნით. წლის განმავლობაში აკადემიის თაოსნობით იგეგმება სასწავლო პროგრამები ჰოლანდიის, ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროებთან, ლონდონის წამყვან სკოლებთან ერთად მოკლევადიანი კურსები დიდ ბრიტანეთში, სასერტიფიკაციო პროგრამები ფინეთის საზოგადოებრვი მენეჯმენტის აკადემიასთან და სხვა.