საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეული წევრები ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს პასუხობენ.
"აუდიტორიის დროული ინფორმირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მართლაც უპირველესი ვალდებულებაა და ჩვენი საბჭოში მუშაობის უპირველესი ამოცანა. ამავე დროს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" (მუხლი 30) მკაფიოდ განმარტავს ჩვენს ფუნქციებს, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები. ჩვენ ვერ გადავამეტებთ ჩვენს უფლებამოსილებას და ვერ მივიღებთ ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ახალი ამბების მონიტორინგი და რეაგირება იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, აუდიტორიის დროულ ინფორმირებას", - ნათქვამია შორენა შავერდაშვილის, ლია ჩახუნაშვილისა და ნინო დანელიას განცხადებაში.
ამასთან, ბორდის ახალი წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ "აქტიურად ჩაერთონ ახალი ამბების მონიტორინგის პროცესში".
"ასევე, მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოსა და გენერალური დირექტორის, ბატონი გია ჭანტურიას წინაშე დავსვათ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაარღვევს კანონს "მაუწყებლობის შესახებ" და მაუწყებლის ქცევის კოდექსს და მოვითხოვოთ შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს მიმართა და თხოვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" და "უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება".