,,ქართული ოცნება" დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები, _ აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,კოალიცია ,,ქართული ოცნება" შეშფოთებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილი სიტუაციით და ხელისუფლების წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებებით, რაც ძაბავს ჩვენ მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობას", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საკუთრებაა.
,,აღსანიშნავია, რომ არც ქართველი და არც აზერბაიჯანელი მეცნიერების მხრიდან არასოდეს დამდგარა ეჭვის ქვეშ ის გარემოება, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურული ძეგლია. 20 წელზე მეტია ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ცდილობენ საზღვრები დემარკაცია დელიმიტაციას", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა.
მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით 2007 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
"ჩემთვის ხელისუფლების უსუსურობისა და ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის შემდეგ ეს პროცესი ერთი ნაბიჯითაც კი წინ არ წაწეულა. თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საქართველოს საზღვრის 65% ჰქონდა შეთანხმებული, ხოლო ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით დადგენილია საზღვრის მხოლოდ 66%. იმ ფონზე, როცა დავით გარეჯის მიმდებარე საზღვრებზე შეთანხმება არ მომხდარა და არსებობს სხვადასხვა რუკები, რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ".
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.
,,კოალიცია ,,ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რაც გასული კვირის განმავლობაში გაკეთდა კულტურის მინისტრის ნიკა რურუასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის მხრიდან. კერძოდ 14 მაისს კალანდაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის ნაწილი სადავო არაა და ის აზერბაიჯანის კუთვნილებაა. Kკულტურის მინისტრი ნიკა რურუა კი ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი, სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ეკუთვნის 1994 წლის შეთანხმებით", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ კოალიცია 1994 წლის დადგენილების გასაჯაროებას ითხოვს.
"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ გამოაქვეყნოს 1994 წლის შეთანხმება, რომელშიც არის აღნიშნული ზემოთ მოყვანილიო ფაქტი. საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა კი ისაა, რომ ამა წლის ექვს მაისამდე ქართულ სასულიერო პირებსა და მომლოცველებს, ასევე ტურისტებს უდაბნოს მონასტერში მოსახვედრად არანაირი პრობლემა არ ექმნებოდათ. Aასევე ოფიციალური დოკუმენტაციითა და სპეციალისტების ინფორმაციით, დგინდება, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი შეთანხმებული არაა ჩვენს მეზობელთან და მეგობართან აზერბაიჯანთან. როგორც Aაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ელმან აბდულაევი აცხადებს, საკითხი, რომელიც მონასტერს უკავშირდება წყდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში და არის წმინდა ნორმატიულ-იურიდიული საკითხი", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება" ხელისუფლებისაგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილების გასაჯაროებას მოითხოვს.
,,კოალიცია ქართული ოცნება" კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან საჯარო გახადოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი მეგობრულად გადაწყდება.
,,იმედს გამოვთქვამთ, რომ მეგობარი აზერბაიჯანის ხელისუფლება პატივს სცემს ქართული საზოგადოების ეროვნულ-რელიგიურ გრძნობებს და საბოლოოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გარკვევამდე, აღადგენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ სიტუაციას და ქართველ სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს, საშუალება მიეცემათ მოინახულონ ქართული კულტურის ეს უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი".