"საქართველო არ არის მხოლოდ ქვეყანა. მას, რა თქმა უნდა, აშშ-ს ვერ შევადარებ - ეს ქვეყანა იდეაა, მაგრამ ჩვენი პატარა რეგიონისთვის საქართველოც არის იდეა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვები გაიხსენა, როდესაც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი სულიერი სივრცეა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობა.
"ჩემი აზრით, მან კარგად განმარტა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან. გასულ კვირას რუსეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა თანამდებობაზე მისი დამტკიცების ღონისძიების დროს დუმაში თქვა: ყველამ იცის, რომ მძულს სააკაშვილი, მაგრამ საქართველომ საოცარი რეფორმები განახორციელა, რომლებიც უნდა შევისწავლოთ და, შესაძლოა, რუსეთშიც გავატაროთო.
დააკვირდით ცინიზმს.
რომელი ქვეყანა გადაურჩა საბჭოთა კავშირის ან რუსეთის თავდასხმას? რომელი ქვეყნის მთავრობა გადარჩენილა ან არ მოქცეულა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ? საქართველოში არა მხოლოდ მთავრობა და დემოკრატია გადარჩა, მიუხედავად ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა და იმ ნახევარი მილიონი ადამიანისა, რომელიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, არამედ მისი ლიდერი, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, საზღვრებს და მისივე ხელმოწერილ 6 პუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამბობს, რომ საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვაო. ის ჩემი პატარა ქვეყნის შესახებ ამბობს ამას - ეს გასაოცარი სიმბოლოა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები