21 მაისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" იმართება „დასაქმების სააგენტო ეიჩარი"-ს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი. აღნიშნულ ფორუმზე პარტნიორ ორგანიზაციად წარმოდგენილია „თეგეტა მოტორსი". ფორუმში მონაწილეობას იღებს: თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლა (CSB), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
„თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს ისეთ კომპანიას, რომელიც დღითიდღე იზრდება და ეს განაპირობებს ადამიანური რესურსის მუდმივ საჭიროებას. ქართულ შრომით ბაზარზე „თეგეტა მოტორსი" მიმზიდველი და პერსპექტიული დამსაქმებელია. კომპანიას აქვს 16 ფილიალი როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. „თეგეტა მოტორსში" დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური გარანტიებით. კომპანიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. კადრების მრავალმხრივი გადამზადება კი უკვე კვალიფიციურ მომსახურებაში აისახება.
„თეგეტა მოტორსი" უკვე მეოთხე წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს დასაქმების ფორუმში. კომპანიაში დღესდღეობით დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი. სწრაფი ზრდის ტემპიდან გამომდინარე „თეგეტა მოტორსი" ორიენტირებულია ნიჭიერი და პროფესიონალი კადრების მოზიდვაზე. შესაბამისად, სტუდენტებთან ურთიერთობა კომპანიისათვის მნიშვნელოვანია.
სამომავლოდ „თეგეტა მოტორსი" სპეციალურ სტუდენტური პროექტის წამოწყებას გეგმავს.