სოფლის მეურნეობის მინისრტი ზაზა გოროზია კოლხეთის დაბლობზე ნიადაგის შესწავლის პროცესს დაესწრო. სპეციალურ კონტეინერებში აღებული სინჯების საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, 4 დღის განმავლობაში, ნიადაგის სტრუქტურისა და შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა მოხდება. ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და ნიადაგის სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. კოლხეთის დაბლობზე, 30 წელზე მეტია სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა. მეორადი დაჭაობების შედეგად მიწა იხრწნება, განიცდის ლპობას და საბოლოოდ უვარგისი ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.
აღებული სინჯების ანალიზის შედეგების საფუძველზე, კოლხეთის დაბლობზე ოპიტალურად შერჩეული სასაოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება მოხდება. ტრადიციულად ეს ტერიტორიები მარცვლოვანი კულტურებისთვის საუკეთესო ნიადაგს წარმოადგენდა. კოლხეთის დაბლობზე ნიადაგის ათვისება ადგილობრივი ფერმერებისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება. საპორტო ქალაქ ფოთთან ახლო მდებარეობის გამო, ამ ტერიტორიას საინვესტიციო პოტენციალიც ექნება.
კოლხეთის დაბლობის სადრენაჟე სისტემის რეკონსტრუქციის პროექტი მალე დასრულდება და საწყისი ეტაპისთვის დაახლოებით 3000 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა მოხდება. პროექტის ფარგლებში 300 კილომეტრზე მეტი სადრენაჟე არხი სრულად აღდგება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტში 200 ადგილობრივი დასაქმდება.