სეპარატისტულ აფხაზეთში შესაძლოა პურზე ფასი გაიზარდოს. ამ საკითხს განიხილავდნენ დღეს სოხუმში მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა დავიდ ირადიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2008 წლიდან აფხაზეთში პურის ფასს ცვლილება არ განუცდია და 600-გრამიანი პური 13 რუსული რუბლი ღირდა. მისი თქმით, პურპროდუქტების მწარმოებლები 2010 წლიდან განუდმებით აყენებდნენ საკითხს ფასის მომატებასთან დაკავშირებით, რომლებიც პურის გამოცხობისათვის საჭირო კომპონენტებისა და ამ პროცესის სხვა შემადგენელის გაძვირებასთან იყო დაკავშირებული.
"მწარმოებელთა პრობლემები უნდა გავითვალისწინოთ, რომლებზედაც პირდაპირაა დამოკიდებული პურპროდუქტების ხარისხი. ახლანდელი ხარჯების ანალიზი, ჩვენ იძულებულს გვხდის პურზე ფასის მატების საკითხი დავაყენოთ", _ განაცხადა ირადიანმა.