ორგანიზცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ ე.წ. დუბინკით გააუპატიურეს.
იურისტ ლადო მაჭარაშვილის თქმით, მათთან, ორგანიზაციაში რამდენიმე დღის წინ მივიდა 25 წლამდე მამაკაცის ყოფილი თანასაკნელი, რომელმაც მათ გადასცა ციხიდან გამოგზავნილი წერილი. მისივე თქმით, იგი უკვე შეხვდა აღნიშნულ პატიმარს და მისგან მიიღო დასტური, რომ ციხიდან გამოგზავნილი წერილი ნამდვილად მისი დაწერილია და მას სურვილი აქვს, რომ უფლებადამცველები ჩაერთონ მის საქმეში, ასევე, ეს ამბავი გახმაურდეს მედიაში.
წერილში, პატიმარი ჰყვება, რომ 2012 წლის 24 თებერვალს შემოვლის დროს იგი ადმინისტრაციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას ფსიქოლოგიური, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ე.წ. "დუბინკით"გაუპატიურეს და თან დაემუქრნენ, რომ ამბავის გახმაურების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
"მოგახსენებთ, რომ ამ დაწესებულების მმართველებს ესენი არიან: ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში ამ პირობებში ამის გახმოვანება და გახმაურება, რასაც თქვენ გაცნობებთ არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად, რადგან ესენი რასაც დამემუქრნენ, არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ამათთვის ამის სისრულეში მოყვანა და აქ შიგნითაც არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც ამათ შეაჩერებს და შესაბამისად მე დამიცავს ამ შემთხვევაში. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს", - ნათქვამია პატიმრის წერილში.
მაჭარაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პატიმარი თავის მოკვლას არ აპირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მოითხოვს, რომ წერილის ავტორი პატიმარი სასწრაფოდ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში და დაისაჯონ მასზე მოძალადე ციხის თანამშრომლები. ორგანიზაციის წარმომადგენელების თქმით, სახალხო დამცველის ოფისი უკვე საქმის კურსშია.