"ქრისტიან-დემოკრატები" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაწესებულ სანქციებს აპროტესტებენ. როგორც ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, თუ ოჯახის რომელიმე წევრი სოციალურ აგენტს არასწორ ინფორმაციას მიაწვდის, ოჯახის ყოველ წევრს, უმწეოთა ბაზაში რეგისტრირება, სახელმწიფო დახმარების მიღება და ჯანდაცვის დაზღვევის უფასო პოლისით სარგებლობა 3 წლით ეკრძალება.
"ეს წესი განსაკუთრებით უსამართლოა ხანდაზმულის, მცირეწლოვანის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. "ქრისტიან-დემოკრატები" მივიჩნევთ, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ გამიზნულად ან შეუგნებლად რაიმე ინფორმაციის დამალვის გამო ოჯახის ყველა წევრის, მითუმეტეს, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანების, 3 წლით დასჯა არ შეიძლება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ინფორმაციის დამალვის ყველა შემთხვევა ყურადღებით შეისწავლოს და თუ ასეთი რამ დადასტურდა, სანქცია არა მთელი ოჯახის, არამედ იმ პირის წინააღმდეგ გატარდეს, რომელმაც დეკლარაცია შეავსო", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისვე თქმით აღნიშნულ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც დაეთმო, რასაც ,,ქრისტიან-დემოკრატებიც,, ეთანხმებიან.
დეპუტატის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფოსაგან ყოველთვიურად 30-ლარიან დახმარებას იღებს, რასაც თითო წევრზე 24 ლარი ემატება.
"ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ, რომ პენსიონერებს, არასრულწლოვანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ქრონიკულად დაავადებულ პირებს მათი კუთვნილი ფულადი დახმარება და ჯანდაცვის პოლისი შეუნარჩუნდეთ.