ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული, ბიო-ასსპა-ს სავაჭრო კუთხე, მტირალას ეროვნულ პარკში მომუშავე ამერიკის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებმა მარგარეტ შერიდანმა და ჯონ ჯულიანომ მოინახულეს. ამერიკელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტურიზმისა და კერძოდ ეკო-ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ბიო-ასსპა-ს მაღაზიათა ქსელის პროექტი უნიკალურია, რომლის გაფართოება და განვითარება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის ორგანული პროდუქტების რეკლამირებასა და პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში ასევე უცხოელ ტურისტებში.
შეგახსენებთ, რომ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოაჩენს და რეკლამირებას უწევს აჭარის რეგიონში დამზადებულ ბიო პროდუქტებს. ამასთან დაკავშირებით ასსპა-მ დააფუძნა შპს „ბიო-ასსპა", რომელიც მიზნად ისახავს ბიო პროდუქტების მაღაზიათა ქსელის შექმნას. ბიო-ასსპა-ს პირველი სავაჭრო კუთხე გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილია აჭარის რეგიონში მოქმედი 11-მდე კომპანიის მიერ დამზადებული ორგანული პროდუქტები. სამომავლოდ იგეგმება აღნიშნულ ბიო-კუთხეებში წარმოდგენილი პროდუქტების ასორტიმენტის უფრო გაფართოება-გამრავალფეროვნება და ბიო კუთხეების განთავსება ისეთ სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა საბაჟო გამშვები პუნქტები, საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური და სხვა.