ეგვიპტური ბიზნესი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით ინტერესდება. ამ მიზნით ქვეყანას ეგვიპტელ ბიზნესმენთა ჯგუფი სტუმრობს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო პროექტებს ადგილზე ეცნობა. ქართველი და ეგვიპტელი ბიზნესმენების დაახლოებისა და გაცნობის მიზნით, დღეს სასტუმრო "რადისონში" ქართულ-ეგვიპტური ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც
ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია ესწრებოდა. ეგვიპტის ბიზნესდელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორებიდან. მათი მიზანი საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთანამშრომლობის დამყარებაა.
ეგვიპტელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრიის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი განმარტავს, რომ ისინი მოიხიბლნენ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბათუმით, სადაც ეგვიპტელი ბიზნესმენები ტურისტულ სექტორში მომსახურების დონეს აკვირდებიან.
"საქართველოში ქვეყნის მთავრობის მოწვევით ჩამოვედით და უნდა გავეცნოთ თუ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ განვიხილოთ შემდგომ ამ ქვეყანაში ინვესტირება. ჩვენ ასევე გვაინტერესებს თუ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ექსპორტისა და იმპორტისათვის. ვიყავით გაკვირვებულები და მოგვეწონა რაც ბათუმში ვნახეთ. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კიდევ ბევრი რამ გაგვაკვირვებს. ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ექნება ლიდერის როლი აზიის ქვეყნების მიმართულებით, გადაზიდვებში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვფიქრობთ ინვესტირებაზე ბათუმში და ვაკვირდებით როგორ მუშაობს მომსასურების სფერო ბათუმში. ბათუმი კარგი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. ახლა უკვე ვხვედბით, საქართველომ რატომ აიღო მაღალი შეფასება ბიზნესის კეთების რეიტინგში. აქ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტურისტული სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენი დელეგაცია დაინტერესებულია, რომ საქართველოში ინვესტირების საკითხი დეტალურად განიხილოს", - აღნიშნა მოჰამედ ბაჰაა გჰატვარმა.
ქუთაისის ინდუსტრიული ზონისა და ქართულ-ეგვიპტური კომპანია "ფრეშ ჯორჯიას" ხელმძღვანელის მიშა თიგიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი ინდუსტრიულ ზონაში მეტი ეგვიპტური კაპიტალი შევიდეს, მით უმეტეს რომ ზონაში წარმატებულად უკვე მუშაობს ეგვიპტური "ფრეში".
"ჩვენ გვინდა, რომ ეგვიპტელ ბიზნესმენებს გავაცნოთ, თუ ამ 3 წლის განმავლობაში რა მიღწევები გვაქვს ქვეყანაში და საქართველოში შემოსვლისკენ მოვუწოდოთ. თუმც სასურველია, რომ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში შემოვიდნენ და მიაღწიონ იმას, რასაც ჩვენ მივაღწიეთ: ანუ ახალი პროდუქციის შექმნა და დსთ-ს ათ ქვეყანაში გატანა, რაც თავის მხრივ მათთვის ახალი ბაზრები, ბიზნესის ზრდა და წარმეტებაა. ეს არის შანსი, რომ როდესაც ევროპას და ბევრ ქვეყანას კრიზისი აქვთ, მოხდეს მათი ბიზნესის განვითარება.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ბევრი კომპანია დარეგისტრირდა, მათგან "ფრეშის" გარდა ზონაში აქტიურად მოღვაწეობს კიდევ 5 კომპანია, ეს არის ტექსტილისა და განათების საშუალებების წარმოება, სარეცხი მანქანების წარმოება და სხვა. უკვე დაწყებული გვაქვს მაცივრების წარმოების პროექტი და წლის ბოლომდე აქტიური დასაქმების პროგრამას განვახორციელებთ. ის დანაპირები რაც გვაქვს შევასრულებთ. რაც შეეხება ინვესტიციებს მაღალია და ის მატულობს, განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან", - განაცხადა ქუთაისის ინდუსტრიული ზონისა და კომპანია "ფრეშ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მიშა თიგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ალექსანდრიის ბიზნესმენთა ვიზიტი 20 მაისამე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ბიზნესმენები საქმიან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ქართული ბიზნესსექტორის, ისე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან. როგორც ცნობილია აჭარასა და ალექსანდრიის გუბერნიას შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ეგვიპტის ბიზნესმენთა დელეგაცია, 17 მაისს მიიღო და შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აჭარის რეგიონსა და ეგვიპტის ალექსანდრიის გუბერნიას შორის მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმება კი ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებს მოიცავს.