პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანი, თეიმურაზ მურვანიძე, დავით გარეჯთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პარტია ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების გეგმს უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველოს საზოგადოება დააპირისპიროს აზერბაიჯანელებთან და მოახდინოს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, რათა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი წარმოაჩინოს, როგორც რადიკალები ეთნიკური კუთხით.
"იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებობს ძლიერი ოპოზიციური დაჯგუფება, რაც რეალურ საფრთხედ აღიქმება მმართველი გუნდის მიერ იყო მცდელობები ოპოზიციის დისკრედიტაციისა მათი პრორუსულობის მტკიცებით, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, ასევე ვერ მოხდა საზოგადოების და უცხოეთის დარწმუნება მათ რევოლუციონერობაში, რადგან მუდმივად იყო აპელირება იმაზე რომ ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით, და ამჯერად ნაცმოძრაობამ წამოიწყო საკმაოდ სახიფათო თამაში - ცდილობს საქართველოს საზოგადოება დააპირისპიროს აზერბაიჯანელებთან და მოახდინოს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, რათა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი წარმოაჩინოს როგორც რადიკალები ეთნიკური კუთხით", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიის შფასებით, ესაა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" აფრთხილებს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკური პარტიებიც, ნუ გახდებიან ხელისუფლების გეგმების ნებით თუ უნებლიე შემსრულებლები და დავით გარეჯის გაყიდვით (ან დათმობით ან...) გამოწვეული სრულიად სამართლიანი პროტესტი მოკლებული იყოს ყოველგვარ ეთნიკურ სარჩულს და მიმართული იყოს მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ.
"მთავარი დამნაშავე და მოღალატე სამწუხაროდ არის მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეთნიკური დაპირისპირების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ გუნდს და ყველა იმ ფსევდო-ოპოზიციურ ძალას, რომლებიც შეეცდებიან პროცესების ამ მიმართულებით წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.