საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებს შეხვდა. სტუდენტებთან შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა.
სააკაშვილმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ, ამ მხრივ, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს.
მისი თქმით, ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და გაძლიერება დაიწყო, რაც მენტალური რევოლუციის საფუძველი გახდა.
მისივე განცხადებით, ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელების შედეგად, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი გახდა და ამ წარმატებული რეფორმების გაზიარების მიზნით, დელეგაციები თითქმის ყველა ქვეყნიდან მათ შორის, რუსეთიდანაც ჩამოდის.
პრეზიდენტის განცხდადებით, რეფორმები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.
,,რეფორმები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა განხორციელდეს, რადგან გარშემო მყოფი ქვეყნების განვითარებას საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს", _ განაცხადა პრისტონის უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მომავალ პოლიტიკოსებს რჩევა მისცა.
„არაფერი არ მიიღოთ ისე, როგორც ჩანს - ზოგი რამ უნდა უგულებელყოთ, ზოგჯერ საკუთრი თავი კრიტიკულად უნდა შეაფასოთ; ნუ დაეყრდნობით გაბატონებულ დოგმებს, უბრალოდ, იყავით გამბედავი, იმოქმედეთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განუცხადა სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიღება გამართეს და საქართველოს პრეზიდეტს, პატივსაცემის ნიშნად, ქართული სიმღერა შეუსრულეს.