22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტონეთში ვიზიტს დაასრულებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის ესტონეთის კოლეგა პრეზიდენტთან.
საუბარი ორმხრივ და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ საკითხებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლექცია წაიკითხა.
ლექციის მთავარი თემა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები იყო.
სააკაშვილმა დიპლომატიურ უწყებაში შეკრებილ პოლიტიკური ინსტიტუტის პროფესორებსა და ექსპერტებს ქართველი და ესტონელი ხალხის ტრაგიკული ისტორიის დეტალები კიდევ ერთხელ შეახსენა. საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე და მძიმე დღეებში ესტონეთის მხარდაჭერაზე.
"განცვიფრებული ვიყავი, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა მოახერხეს გაევრცელებინათ სიურეალისტური აღქმა იმისა, რომ თურმე ჩვენ დავესხით მათ თავს. ამ სტრატეგიას თავისი სახელი აქვს. მას სარკის პროპაგანდა ჰქვია, ან ბრალდება სარკეში. რუსი ლიდერები აგრძელებენ სარკის პროპაგანდის გამოყენებას ჩვენს წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ესტონეთში 20 იანვარს გაემგზავრა.