დღეს, 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 სტუდენტური ორგანიზაცია: "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", "სტუდენტები სტუდენტებისათვის" და "თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი" და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი: 1 იურიდიული ფაკულტეტიდან და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 მსურველია რეგისტრირებული. კენჭისყრის პროცესი 9:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს. თორმეტივე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელიც პირდაპირი გადაღების რეჟიმში იმუშავებს. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეეძლება ვიდეოჩანაწერის ნახვა.
საარჩევნო კომისიის მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - "IFES" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი" დააკვირდება.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.