საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყნის წინაშე უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უპასუხისმგებლო განცხადებებს განსაკუთრებით ის პოლიტიკური ფიგურები აკეთებენ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული თუ რელიგიური ძეგლების დაზიანების საკითხზე პროტესტს არ გამოთქვამდნენ.
მინაშვილის განმარტებით, საქმე ეხება დავით გარეჯის მთლიანი ტერიტორიის 2 პროცენტს, რომელიც, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს საზღვრებში ვერ მოხვდა. თუმცა მინაშვილი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდება.
"ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობა მიმდინარეობს. სამუშაო ორ მეგობარ და ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს და დამერწმუნეთ, ეს პროცესი ნამდვილად წარმატებით დასრულდება", - დასძინა მინაშვილმა.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ უდაბნოს მონასტერთან 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მონასტრამდე მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ.