"დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ბათუმში იუნკერთა საფლავებზე თურქული კომპანია, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია ერთ ლარად შეიძინა, 40-სართულიან მრავალფუნქციურ შენობას აშენებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრტიული მოძრაობის" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ხოზრევანიძემ და ქალაქ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ჭანტურიშვილმა განუცხადეს. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი დანაშაულის ტოლფასია.
"აჭარაში ხელისუფლებამ ახალი სიურპრიზი მოგვიმზადა. ეს არის იუნკერების საფლავზე მრავალსართულიანი, მრავალპროფილიანი შენობის აგება. მიწა თურქულ კომპანიაზე გაიყიდა ერთ ლარად, ტერიტორია უკვე შემოღობილია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო", _ განაცხადა მოძრაობის აჭარის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ხოზრევანიძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავაფუნქციური შენობის ნაცვლად ღირებული ძეგლი უნდა აშენებულიყო.
"რამდენად გამართლებულია, იქ, სადაც დაკრძალულია 50 იუნკერი, მათ შორის ერთი ქალი, გააჩაღო ასეთი მშენებლობა. ვფიქრობთ, ამ ადგილას უნდა აშენებულიყო ღირებული ძეგლი, იმ გმირობის ნიშნად, რომელიც ამ ხალხმა ჩაიდინა იმ პერიოდში, როდესაც იყო საშიშროება, აჭარა მთლიანად მოსწყვეტოდა საქართველოს", _ განაცხადა ბრიფინგზე ხოზრევანიძემ.
მათი თქმით იუნკერების საფლავებზე შენობის აშენება დანაშაულის ტოლფასია.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრების განცხადებით, ბათუმში იუნკერების საფლავზე მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს მიმართეს და პასუხს ელოდებიან.
"წამოსვლამდე უკვე მივმართეთ განცხადებით ბათუმის მერიას და ვფიქრობთ, ათი დღის განმავლობაში გვიპასუხებენ", _ განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ცენტრალურ ოფისში გურამ ხოზრევანიძემ.