აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ეგვიპტის ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს. იგი აჭარის რეგიონსა და ეგვიპტის ალექსანდრიის გუბერნიას შორის მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, რომელიც ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებს მოიცავს.
ბიზნესმენთა დელეგაციას დოქტორი მუჰამედ ხათვარი ხელმძღვანელობს. ისინი საქართველოში პირველად იმყოფებიან. ბიზნესმენები ძირითადად სამშენებლო სფეროში მოღვაწეობენ.
„ბათუმს აქვს პოტენციალი შავიზღვისპირეთში ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქალაქი გახდეს. გავეცანით რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გპირდებით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით არა როგორც ვიზიტორები, არამედ ინვესტორები და ქალაქის აღმშენებლობის პროცესში ჩვენს ჩავერთვებით", - განაცხადა დოქტორ მუჰამედ ხათვარმა.
დელეგაცია ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. ისინი ქალაქის მერს შეხვდნენ. რობერტ ჩხაიძემ სტუმრებს ბათუმში მიმდინარე მსხვილი სამშენებლო პროექტები გააცნო. ბიზნესმენები გუშინვე მიიღო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ვაჟა ბოლქვაძემ და მათთვის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოაწყო.