სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურიის რეგიონში, სოფელ ნარუჯაში მოცვის პლანტაციები მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის კორპორაციის მხარდაჭერით 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამერიკული ჯიშის ლურჯი მოცვის 10 სახეობა 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის პირველადი წარმოების განვითარებას. პლანტაცია უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საირიგაციო სისტემით ირწყვება.
პროექტის დასრულების შემდეგ პლანტაციის გასაშენებლად გამოყენებული იქნება ის ოპტიმალური ჯიში, რომელიც უკეთ შეეგუება საქართველოს კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებს. სადემონტრაციო ნაკვეთებზე გაშენებული საჩვენებელი ნერგების დათვალიერებით ფერმერებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაეცნონ აღნიშნული მცენარის მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს და სპეციალისტებისგან კვალიფიცური კონსულტაცია მიიღონ. მეურნეობაში 35 ადგილობრივია დასაქმებული.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მცირე და საშუალო ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.
დღესვე, ზაზა გოროზია გურიაში სოფელ ზემო ბახვში, ვაჟა ანთაძის ოჯახს ესტუმრა. მას მცირე ზომის ფერმერული მეურნეობა აქვს. 400 კვ.მ-ზე გაშენებულ კივის ნარგავებს და 3 000 კვ.მ.-ზე არსებულ თხილის პლანტაციას ფერმერი თავად უვლის. მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ფერმერული მეურნეობის ფუნქციონირებისა და მართვის უახლეს ტექნოლოგიებზე. ,,საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო და ეს არ უნდა დავივიწყოთ. სოფლის მეურნეობაში ახალი მეთოდების, სხვა ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კარგ შედეგს გამოიღებს" აღნიშნა ფერმერმა მინისტრთან საუბრისას.