ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლითაც ევროგაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესით უკმაყოფილოა, არ ეთანხმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაუსაბუთებლად მიაჩნიათ დოკუმენტში აღნიშნული მოსაზრება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში განუცხადეს, პრივატიზაციის პროცესის გამჭირვალობისთვის ხელისუფლების მხრიდან მრავალი რეფორმა განხორციელდა და დაინერგა ელექტრონული აუქციონის სისტემა.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერ დაეთანხმება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში საკუთრების უფლების არასრული დაცვის ერთ-ერთი პრობლემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ გაუმჭირვალე პროცედურებს უკავშირდება. მოცემული პოზიციის საწინააღმდეგოდ მეტყველებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში უახლოეს წარსულში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის სისტემის დანერგვა, რომლის თაობაზეც თავად ხსენებულ ანგარიშშია საუბარი"- განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ქობალიას უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოში პრივატიზების პროცესი ხორციელდება გამჭვირვალობის მაქსიმალური უზრუნველყოფით, ელექტრონული აუქციონის - ელექტრონული გვერდების მეშვეობით.
„პრივატიზებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა მკაცრად არის გაწერილი და მისი განხორციელების ყველა ეტაპზე ზემოქმედების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. საპრივატიზებო ობიექტის ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებიდან აუქციონის დასრულებამდე არცერთი სახელმწიფო უწყება არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში, რაც არის აუქციონის გამჭვირვალობის გარანტია. უფრო მეტი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, აუქციონში გამარჯვებულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ აისახება სამინისტროს ელექტორნულ გვერდზე"- განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოში ქონებრივი უფლებების სრულად დაცვის საკითხში შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება გამჭვირავლე არ არის.
"კიდევ ერთი პრობლემა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ გაუმჭვირვალე პროცედურებს უკავშირდება", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ არ ხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მისი სათანადოდ ინფორმირება ადგილობრივი განვითარების იმ გეგმების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.
"მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში ქონებრივი უფლებების სრულად დაცვის
საკითხი. ახლახანს წარმოიშვა მნიშვნელოვანი რაოდენობის დავები, რომელიც
უკავშირდება იმ მიწის ფლობის საკითხს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა
ტრადიციულად იყენებდა. ეს დავები მიწის კანონიერი მფლობელობის არარსებობამ თუ მისმა ბუნდოვანებამ გამოიწვია. საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ არ ხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მისი სათანადოდ ინფორმირება ადგილობრივი განვითარების იმ გეგმების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე",- ნათქვამია ანგარიშში.