16 მაისს, 11:00 საათზე, ქორთიარდ მარიოტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ეწყობა შეხვედრა, რომელიც ეძღვნება "ინკლუზიური ტურიზმის" (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა) განვითარების პერსპექტივებს საქართველოში.
ღონისძიება მიზნად ისახავს ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაციასა და ამ სფეროს მიმდინარე სიახლეების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის. შეხვედრას გახსნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, პრეზენტაციებს წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსა".
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსა" უკვე 2 წელია მუშაობს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე საქართველოში. ამასთანავე, ორგანიზაციამ გასული წლიდან სოციალური მეწარმეობის კუთხით მოამზადა და შემდგომ დაასაქმა ხუთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა (ეტლით მოსარგებლე) ტურაგენტის პოზიციაზე. მათი მუშაობის დინამიკაზე დაკვირვებამ აჩვენა უშუალო შედეგები, რაც გამოიხატება უკვე განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ტურების რაოდენობით.
შეხვედრაზე განხილული იქნება 3 ძირითადი საკითხი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ტურიზმის განვითარება საქართველოში; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება "ინკლუზიური" ტურიზმის სექტორში; ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
როგორც ცნობილია, ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული, ამასთანავე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყაროს ინკლუზიურ ტურიზმის დანერგვის ხელშეწყობას საქართველოში, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განვითარების მაღალ საფეხურზეა და ტურისტების რაოდენობის 10% ზრდას უზრუნველყობს.