სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ მცირე და საშუალო ფერმერეთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ აგროტურში მიიღო მინაწილეობა.
სამინისტროს ავტობუსებში სპეციალურად განთავსებულ ეკრანებზე აგროტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ დოკუმენტური ფილმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და განხორციელებული პროექტების შესახებ. მინისტრმა მათ ნატახტარში მდებარე სასაკლაო და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები გააცნო. ადგილობრივი ფერმერები სოფელ წეროვანში ნაკვეთების წვეთოვანი სისტემით მორწყვის პროცესსაც დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტების სასაკლაო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ვეტექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ დაკვლამდე საქონელი ჯანმრთელი იყო და ხორცი მომხმარებლისთვის უვნებელია. აღნიშნული სასაკლაო დედაქალაქს ხორცპროდუქტებით ამარაგებს დ მასში 70 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფელ ნატახტარში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის, წლიური მოცულობა 14 მლნ. ჩითილს შეადგენს და თბილისს 100-150 ტონა ბოსტნეულით ამარაგებს. სასათბურე მეურნეობაში 50 ადგილობრივია დასაქმებული. 8500კვ.მ-ზე გაშენებულ წეროვანის სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 300 ტონა უმაღლესი ხარისხის პომიდორი მოჰყავთ. როგორც სოფელ ნატახტარის, ასევე წეროვანის სასათბურე მეურნეობებში კლიმატისა და ტემპერატურის კონტროლი თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად, ავტომატურად ხორციელდება. წეროვანის სასათბურე მეურნეობაში 25 დევნილია დასაქმებული.
ფერმერებმა სოფელ წეროვანში მოწყობილი ინოვაციური დაწვიმებითი სარწყავი სისტემაც დაათვალიერეს, რომელიც ავტომატური მართვის რეჟიმში წყლის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველოფს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვმოსავლიანობას განსაზღვრავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ფერმერთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროტურებს საქართველოს ყველა რეგიონში სისტემატურად გამართავს. მასში 40 000-მდე მცირე და საშუალო ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.