ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
„ვისაუბროთ ეკონომიკაზე" - ესაა ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექციის კურსი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე - თუ როგორ გახდეს ქვეყანა რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური და ლოჯისტიკური ცენტრი, რა ინიციატივებია გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ფინანსთა მინისტრმაისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონულ, ურბანულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ, საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ვისაუბრეთ 2012 წლის ბიუჯეტზე, ყველა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე, რომლიდანაც გამომდინარეობს ჩვენი საბიუჯეტო ხედვა. განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც განხორციელდა და ვისაუბრეთ იმ რეფორმებზეც, რომელთა გატარება აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკურური ზრდის მაღალი ტემპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს სიღარიბის აღმოფხვრა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება," - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
„ფინანსთა მინისტრი უნივერსიტეტში თავად სტუდენტებმა მოიწვიეს იმისთვის, რათა გაეცნონ იმ ეკონომიკურ ტენდენციებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას. ამ პროცესებში სტუდენტებს სურთ უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება," - განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ.
პრეზენტაციის შემდეგ მინისტრმა უპასუხებს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და წინადადებები - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა შეუქცევადი გახდეს დადებითი ეკონომიკური ტენდენციები ქვეყანაში, დამატებით შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორ წარმოუდგენიათახალგაზრდებს თავიანთი როლი ამ პროცესში და სხვა.
ასეთი ტიპის საჯარო ლექციები დიმიტრი გვინდაძემ უკვე გამართა თბილისის სახელმწიფო, აგრარული, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექციები ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება. მსგავსი დიალოგი ხელს უწყობს სტუდენტებს, მიიღონ ობიექტური და სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების თაობაზე.
საქართველოს უნივერსიტეტი 2005 წელს დაფუძნდა. ამჟამად, უმაღლეს სასწავლებელს აქვს საერთაშორისო პროგრამები ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან როგორიცაა: სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია), ლა საპიენსას უნივერსიტეტი (იტალია). 2010 წელს, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (ამერიკის კონგრესის კერძო საინვესტიციო კორპორაცია) საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელდა 8-მილიონიანი ინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ხმარდება. ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტში ყველა აკადემიურ პროგრამაზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) 2152 სტუდენტი სწავლობს.