პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, იგი საკონსტიტუციო ცვლილებებით აღფრთოვანებული არ არის, თუმცა იგი მიღებული იქნება.
როგორც მან კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ფორმულირების განხილვისას განაცხადა, ცვლილებების მიღების აუცილებლობა პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია.
კუბლაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მიუთითეს სწორი გზა, თუ როგორ უნდა მიეღო მოქალაქეობა, თუმცა იგი ჩიხამდე განგებ მივიდა და ახლა იმისათვის, რომ მორჩეს ყოველგვარი სპეკულაციები ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ ისეთი ფორმით, როგორც იგი დღესაა წარმოდგენილი.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩრდილი არ მიადგეს არჩევნების ლეგიტიმურობას საქართველოში, რისკენაც განგებ მიჰყავდათ პროცესები.
,,ბიძინა ივანიშვილს ბოლო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე შესაძლებლობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება, შეექმნა და დაეფინანსებინა პარტია და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა მიეღო,, - აღნუშნა კუბლაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლით - „2014 წლის 1იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
აღნიშნულ ცვლილებას დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.