"გერმანიაში ყოფნისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი წარმოდგენლები ყველგან ავრცელებენ სიმართლის იმ ვერსიას, რომელიც მათთვის არის ხელსაყრელი და აბსოლუტურად არარეალურ სურათს ხატავენ იმისა, თუ რა ხდება საქართველოში", _ განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა "კონრად ადენაუერის" ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა.
მაია ფანჯიკიძემ ფონდის ბოლოდროინდელი ქმედებები გააკრიტიკა.
"ბოლო ხანებში "კონრად ადენაუერის" პოლიტიკამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება, რადგან მათ მთელი რიგი ღონისძიებებისა მიუძღვნეს საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავს. მოგეხსენებათ, მე 13 წელიწადს ვმუშაობდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. აქედან სამი წელიწადს ვიყავი საქართველოს ელჩი გერმანიაში და, შესაბამისად, ბუნებრივად მიმაჩნია, როდესაც 20 წლის ზეიმი მიმდინარეობს, ამ დიპლომატიური ურთიერთობების მეც უნდა ვიყო სხვა სტუმრებს შორისაც დაპატიჟებული", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ბერლინში "კონრად ადენაუერის" ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები მიწვეული არ ყოფილან.
"გარდა ამისა, ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ "ადენაუერის" ფონდის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიებიდან გამორიცხული იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. სტუმრების სიას როდესაც გადავხედე, იქ იყვნენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული ექსპერტები. ერთი-ორგან იყო ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი. ყოველივე ამის გამო, ბატონ თედო ჯაფარიძესთან ერთად მქონდა შეხვედრა გერმანიის ელჩთან, რომელსაც გაუზიარეთ ჩვენი წუხილი ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩემი პრეტენზიები გავაცანი ამ ფონდის ხელმძღვანელობას საქართველოში", _ განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შემდეგ მიიპატიჟეს ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბერლინში, სადაც ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა.
"ამის პასუხად, მე დაპატიჟებული აღმოვჩნდი გასულ ორშაბათს ბერლინში, "ადენაუერის" ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე", _ აღნიშნა ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მას საშუალება მიცა ბერლინში სიტყვით გამოსულიყო.
"მომეცა საშუალება, ბაქრაძის გამოსვლის შემდეგ, რომელიც, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს წარამატებებს ეხებოდა, წამომეჭრა რამდენიმე საკითხი. გავაცანი დამსწრე საზოგადოებას ის ვითარება, რაც რეალურად არსებობს საქართველოში - დაწყებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, დამთავრებული უახლესი ამბებით. დარბაზის რეაქციას შევატყვე, რომ მათ ყველა ეს საკითხი უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ბაქრაძის მიერ ტრაფარეტულად მოყოლილი წარმატებები საქართველოს შესახებ, რომლის შესახებ საქართველოშიც აღარავის სჯერა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.