კომპანია „რეალ ინვესტი", 12 მაისს 20:00 საათზე ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია „რეალ ინვესტი"-ს მფლობელები არიან, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ბიზნესმენები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე. რაც შეეხება გიორგი ღონიაშვილს, იგი კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომელია და არ ფლობს არანაირ წილს აღნიშნულ კომპანიაში.
"გადაცემაში ნახსენებ შენობებში, კომპანია „რეალ ინვესტმა", შეიძინა ფართები კერძო მფლობელებისაგან 2005-2008 წლებში, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი შეძენილ იქნა 2011 წელს, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისაგან "საბაზრო ფასად:
აღმაშენებლის გამზ. 103-ში შევიძინეთ 523 კვ.მ. - 832000 აშშ დოლარად, 1 კვ.მ.-ს ღირებულებამ შეადგინა 1590 აშშ დოლარი.
აღმაშენებლის გამზ. 150-ში შევიძინეთ 200 კვ.მ. - 200000 აშშ დოლარად, 1 კვ.მ.-ს ღირებულებამ შეადგინა 1000 აშშ დოლარი.
ეს ორი ისტორიული შენობა იმყოფებოდა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღმაშენებლის გამზირის აღდგენა, რის შედეგადაც ჩვენი მხრიდან გაიზარდა ბიზნეს-ინტერესი და 2011 წელს სს „რეალ ინვესტმა", უკრაინელ ინვესტორთან (პრივატბანკი) ერთად, ჩვენ კუთვნილ ორ შენობაში, ჩაატარა გამაგრებითი, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულებამ თითოეულ შენობაზე შეადგინა მილიონ ლარზე მეტი, ხოლო შენობების დასამთავრებლად დამატებით განსაზღვრულია რამოდენიმე მილიონი ლარი"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რეალ ინვესტი", ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტებს მეტი პროფესიონალიზმისაკენ მოუწოდებს და ფაქტების გადამოწმებას ურჩევს, "რათა მაყურებელი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი და არ შეილახოს ქართველი თუ უცხოელი ინვესტორების რეპუტაცია".