„დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 12 მაისის წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის რეალურ მიზეზებს. ასევე მიმართავს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ განახორციელოს მონიტორინგი თბილისის მეშვიდე იზოლატორში და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია პატიმრების რეალური მდგომარეობის შესახებ.
"ბუნებრივია, სტიქიური უბედურებისაგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღე ახალი „უპრეცედენტო" ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას ახდენს, ერთ საათიანი წვიმა სტიქიურ უბედურებად გადაიქცა ქვეყნის დედაქალაქისათვის. აღმოჩნდა, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, მოშლილია წყალსაცავების კოლექტორები, არასწორად შენდება და რემონტდება გზები. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რეგიონების მოსახლეობა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, ჩამოშლილია გზები, დატბორილია ასობით სახლი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, განადგურებულია ნათესები. დაზარალებული მოსახლეობის თქმით მიუხედავად არაერთი თხოვნისა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ ყურადღებას არვინ აქცევს, დღემდე ისინი ყველანაირი დახმარების გარეშე არიან დარჩენილნი.რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებას არ გაუტარებია არანაირი პრევენციული ღონისძიება სტიქიის შედეგებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, არ გავრცელებულა შესაბამისი სტრუქტურების საგანგებო შეტყობინებაც კი, მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ. 12 და 13 მაისს სხვადასხვა ტელეარხზე გავრცელებული ინფორმაციები და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს", - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.