შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ჩემი ოჯახის კლინიკის" მფლობელობაში არსებული ტყიბულისა და თერჯოლის სამედიცინო ცენტრების მედდების გადამზადების კურსი გახსნა. მინისტრმა ტყიბულის სამედიცინო ცენტრში შეკრებილ მედდებს მიმართა და სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელში მედპერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, მედდებისათვის საექთნო სწავლების პროგრამა იწყება. კურსი ემორის უნივერსიტეტისა (ატლანტა,აშშ) და „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" პროგრამით ტარდება. საწყის ეტაპზე, გადამზადების პროცესში, ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის მცირე ზომის, 15-საწოლიანი კლინიკები ჩაერთვებიან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მედდები დაეუფლებიან როგორც ზოგად საექთნო, ასევე სპეციალიზირებულ კურსს გადაუდებელი მედიცინის, ქირურგიული, სამეანო და სხვა მიმართულებით. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე კლინიკური უნარ-ჩვევების დაუფლებას. კურსი ითვალისწინებს ექთნის ასისტენტების კვალიფიკაციის ამაღლებასაც.
ზოგადი საექთნო კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვეა და პირველი ეტაპისთვის, აღნიშნულ გადამზადების პროცესში 300 მედდა ჩაერთვება. ამ კურსის ფარგლებში ჩემი ოჯახის კლინიკაში დასაქმებული ყველა მედდა და მედდის დამხმარე გადამზადდება, ასევე ინერგება მათი პროფესიული დონის უწყვეტი შეფასებისა და განვითარების პროგრამა.
ჩემი ოჯახის კლინიკა სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის შვილობილი კომპანიაა და ის ფლობს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარული კლინიკების ქსელს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში: აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში.