საქართველოს საგარეო უწყება დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში არ არის.
,,კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის ამ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში და არის სწორედ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე. კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა", _ განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ის, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიიღო და ამ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან გაიმართება.
,,დელიმიტაციის საკითხზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე და იმედი გამოთქვა, რომ დელიმიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდება.
,,თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა და ახლაც სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი კიდევ ერთხელ ვამბობ სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს შემდეგ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც სასულიერი პირებიც ცნობით, მომლოცველებს ტაძრის ტერიტორიაზე არ უშვებენ.