ივნისში სეულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, ნიკა გილაურის სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ-სამხრეთ კორეული ბიზნესფორუმიც გაიმართება, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება კორეელების მოზიდვის კუთხით.
"სამხრეთ კორეა უკვე გადაიქცა მსოფლიოში ინვესტიცების ერთ-ერთ მთავარ გენერატორად. ეს გახლავთ უაღრესად განვითარებული ეკონომიკა და კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენთვის მისი ისტორიის გათვალისწინებით. როგორც თქვენ იცით ძალიან დიდი ხანი არც არის გასული კორეის სამოქალაქო ომიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანა ორ ნაწილად დაიყო, უფრო სწორედ ერთიან სახელმწიფოს ჩრდილოეთი ნაწილის ანექსია კომუნისტებმა განახორციელეს. ამ ვითარებაში სამხრეთ კორეამ შეძლო და არათუ გადარჩა არამედ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში ღირსეული ადგილი დაიკავა. ჩვენი არ იყოს ამ პროცესების დროს არც მას არ აკლდა მტრები, ამის მიუხედავად მათ შეძლეს და გააკეთეს. ამდენად ვფიქრობ, რომ სამხრეთ კორეა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. კორეასთან ეკონომიკური კავშირების დამყარება ცოტა ხნის წინ დაიწყო, ბოლოს იქ იმყოფებოდნენ ფინანსთა, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მოხერხდა კორეელი ბიზნესმენების დაინტერესება და ისინი საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ. ჩვენ მათ გავაცანით ადგილზე არსებული ვითარება, ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ წელს კორეული ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში. კარგია, რომ კორეელებმა ნახეს წარმატებული კორეული კომპანიის მაგალითი საქართველოში, ეს "ჰიუნდაია", რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა შესაბამისი ბაზრის წილის დაკავება და ისევ განაგრძობს გაფართოებას", - აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.