იტალიური ბიზნესი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ახლახანს ორმა იტალიურმა კომპანიამ საქართველოში, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვა და ადგილობრივი ბიზნესგარემოს შესწავლასაც შეუდგა. ერთ-ერთი პროექტით კი საქართველოში ბოლოკის ზეთის წამოება უნდა დაიწყოს. ბაინდურაშვილის თქმით, ახლახანს იტალიური ინვესტიციის მოსაზიდად უკვე დაარსდა ქართულ-იტალიური ბიზნესსაბჭო.
"მიუხედავად არსებული ფისკალური კრიზისისა იტალია კვლავ რჩება ევროპაში და მსოფლიოში წამყვან ეკონომიკებს შორის, უფრო მეტიც კრიზისმა და ტრადიციულ პარტნიორ ბაზრებზე პრობლემებმა (ლიბია, ტუნისი, და სხვა) ჩემი აზრით კიდევ უფრო გააქტიურა იტალიური ბიზნესი ეძებოს სხვა დამატებითი საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები და ვფიქრობ ჩვენი ვიზიტი იტალიაში სწორედ დროული იყო. დავაარსეთ ქართულ-იტალიური ბიზნეს საბჭო, ეს დაგვეხმარება წამოვწიოთ იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ურთიერთობები. 2 ივლისიდან ფრენებს დაიწყებს "ალიტალია" რომი-თბილისის მარშრუტზე, თავიდან კვირაში ორჯერ და თუ დატვირთვა იქნა გვპირდებიან რომ გაზრდიან სიხშირეს, ესეც თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნეს კომუნიკაციას. ვიზიტიდან 2-3 კვირა გავიდა და ახლადშექმნილი საბჭოს ხაზით 2 კომპანია საინვესტიციო წინადადებით უკვე გამოგვეხმაურა, ორივე სოფლის მეურნეობის კუთხით და უკვე სწავლობენ ბაზარს, მათ შორის ერთი პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან მისი სამრეწველო ანალოგი საქართველოში არ გვაქვს და თუ არ ვცდები არც გვქონია, ეს არის ბოლოკის ზეთის წარმოება, წარმატება მინდა ვუსურვო ამ ახალ ინიციატივებს", - აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.