მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში "პრივატიზების სახელით" სახელმწიფო ქონების "დატაცებაში" ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმსა და ქობულეთის რაიონში ნიწის ნაკვეთები "გაიაფდა".
"ხელისუფლება გრძნობს, რომ მისი მმართველობა დასასრულს უახლოვდება. ამიტომ, მისი წარმომადგენლები ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ ძალაუფლების დათმობამდე რაც შეიძლება მეტ ქონებას დაეპატრონონ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთის რაიონში, გარკვეული პირები მიწის უზარმაზარ ნაკვეთებს აუქციონზე ძალიან დაბალ ფასად ყიდულობენ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პიროვნებები ან ხელისუფლებასთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესულ პერსონებს წარმოადგენენ, ან, მათ სახელზე ამოფარებით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები უზარმაზარ ქონებას ჩალის ფასად ეპატრონებიან", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
ნოღაიდელის პარტიას ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 12 ოქტომბერს გამართული აუქციონი აძლევს, რომელზეც რამდენიმე ობიექტი დაბალ ფასებში გაიყიდა.