ინდონეზიაში, უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის კომიტეტის სპეციალისტებმა, რუსული თვითმფრინავის Sukhoi SuperJet-100 (SSJ-100) კატასტროფის ადგილას ორიდან ერთი "შავი ყუთი" იპოვეს და ის ჯაკარტაში გადააქვთ. ამის შესახებ Jakarta Post-ი იუწყება.
ინდონეზიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსმა ხერი ბაკტი გუმაიმ "შავი ყუთის" პოვნის ფაქტი არ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ საბორტო ჩანაწერები ინდონეზიაში დარჩება.
"ყუთის ანალიზი აქ ჩატარდება, რადგანაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ჩვენ ვაწარმოებთ და იმიტომაც, რომ შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა", - განაცხადა ხერი ბაკტი გუმაიმ.
შეგახსენებთ, რომ ლაინერი "Sukhoi SuperJet-100"-ი სადემონსტრაციო ფრენის დროს ჩამოვარდა. მის ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რვა რუსეთის და კიდევ ხუთი ქვეყნის მოქალაქე. არც ერთი მგზავრი და არც ეკიპაჟის წევრი ცოცხალი არ გადარჩენილა. ლაინერი მთას 1600 მეტრის სიმაღლეზე შეეჯახა.