დუშეთის თბილისთან დამაკაშვირებელი  ცენტრალური მაგისტრალი  გახსნილია, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა.  მისი თქმით, დუშეთის რაიონში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. 
"ამ დროისთვის წვიმამ გადაიღო. დატბორილი სახლების სარდაფები ამოტუმბულია. მოსახლეობაში სიმშვიდეა", - განაცხადა ამირხანაშვილმა. 
მისივე თქმით, დუშეთს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რომლის აღდგენითი სამუშაოები დილას დაიწყება. 
ამირხანაშვილის ინფორმაციით, ბაზალეთში ღვარცოფმა საუბნო ხიდი წაიღო, ხოლო გრიგილიანთაკრში დაიტბორა სამი საცხოვრებელი სახლი.
"მლაშეში , საშაბუროში და ბაგაში მოვიდა დიდი რაოდენობის სეტყვა და გადაკეტა ცენტრალური გზა ბაზალეთმდე. ასევე დატბორილია სოფლები -  წითელსელი და ბაგა", - განაცხადა ამირხანაშვილმა და დასძინა, რომ "ცენტრალური მაგისტრალი ამჟამად გახსნილია, რომლის გაწმენდით სამუშაოებზე საგზაო დეპარტამენტმა იმუშავა".