უახლოეს მომავალში თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროზექტურა გაიხსნება. მშენებლობა უკვე დაწყებულია, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ვახტანგ კარგარეთელმა განუცხადა. მისი თქმით, ახალი პროზექტურა დიღომში განთავსდება და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება.
"სამხარაულის სახელობის პროზექტურის შენობა ამ დროისათვის მძიმე მდგომარეობაშია. 3 წლის წინ დაისვა საკითხი ამ შენობის რეაბილიტაციისა, დავიწყეთ ახალი შენობის მოძიება, სამედიცინო ექსპეტიზის შენობა ფუნქციონირებს 1950 წლებიდან. 70-ანი წლებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში უკვე პირველი წერილები იგზავნებოდა, რომ შენობა ავარიულია, ანუ 30 წელზე მეტია რაც ეგ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მიზნად დაისახა, რომ მონახულიყო ახალი შენობა, ან არსებული შენობა გარემონტებულიყო ან რაღაც ახალი შენობა აშენებულიყო. ის შენობა საინჟინრო ექსპერტებს შევაფასებინეთ, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მისი გარემონტება და მიზანშეუწონლად ჩაითვალა. მოვიძიეთ ახალი შენობა. ეს არის ბოტანიკის ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ღუდუშაურის მეორე მხარეს, დიღმის ტრასაზე. იმიტომ რომ ექსპერტიზის შენობა საერთოდ ძნელად საპოვნელი არ უნდა იყოს, გზიდან და ცენტრალური ტრასიდან ადვილად მისადგომი უნდა იყოს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კარგარეთელმა.
სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს სამსახური ცალკე არსებობდა და 2004 წელს მოხდა სხვადასხვა ექსპერტიზის გაერთიანება. არსებობდა ცალკე ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, ცალკე სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, ცალკე ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ეს კვლევითი ცენტრი კი იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზა იყო.