"ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში" - სასტუმრო "შერატონ ბათუმში" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნა.
ეკონომიკურ ფორუმში 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. კონფერენციის მთავარი თემა ეუთო-ს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. სამუშაო სესიებზე საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ეკონომიკური კონფერენცია რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებითაც იმსჯელებს. ეუთო-ს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ქალაქ დუბროვნიკში მიიღო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა. მიხელ სააკაშვილი 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტ დელეგატს საქართველოში ბოლო წლებში განხორცილებულ იმ რეფორმებზე და ცვლილებებზე ესაუბრა, რომელმაც მენტალური რევოლუცია გამოიწვია და ქვეყანა რეგიონში ლიდერად და მისაბაძ მაგალითად აქცია.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა თუ რა რეფორმების გატარება მოხდა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, იმ ფონზე როდესაც ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამომავალო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.
პირველი არაოფიციალური შეხვედრა, ფორუმის ფარგლებში, გონიოში გაიმართა. ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ესტრადის ვარსკვლავები და ხალხური მუსიკის საღამო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს გონიოს ციხეზე უმასპინძლეს. მიღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის სახელით გაიმართა. შეხვედრა ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ბათუმის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით დასრულდა.