საქართველოს პარლამენტის წინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში (ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე), ჯვარში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და ბათუმში (თეატრის წინ) დღეს დევნილთა შეკრებები გაიმართება. დევნილთა შეკრების ინიციატორია პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის". შეკრების დროს 12 მაისი აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგებისა და ერთობის დღედ გამოცხადდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, დევნილთა შეკრებაზე საკოორდინაციო საბჭოს აირჩევენ. საკოორდინაციო საბჭო სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პროცესებს და დაიწყებს დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან. მათთან წარმართავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის, რუსეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან.
შეკრებაზე დაგეგმილია დევნილთა საქველმოქმედო ფონდის დაარსება, რომლის ინიციატივა ბიზნესმენ მინდია გულუას ეკუთვნის. ფონდს ქართველი, აფხაზი და ოსი ბიზნესმენები დააფინანსებენ. ფონდის შტაბ-ბინა შვეიცარიაში განთავსდება.
საქველმოქმედო ფონდი იზრუნებს დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სადაზღვევო პროგრამების შემუშავებაზე, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვების სრულფასოვანი განათლების უზრუნველყოფაზე.
განახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და დევნილთათვის ღირსეული ანაზღაურების მიცემას. ასევე დაგეგმილია მიზნობრივი თანხების გამოყოფა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა მცირე ბიზნესპროექტების ხელშეწყობის მიზნით.
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში მიმართავს პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა.
მასალის გამოყენების პირობები