ვისოლ ჯგუფის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს" ფარგლებში ვისოლ ჯგუფსა და ამერიკულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული აკადემიის მშობელთა საბჭოს ინიციატივით გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სტაჟირება ვისოლ ჯგუფის შვილობილ კომპანიებში გაიარონ.
„ზრუნვა მომავალი თაობის ჯანსაღ და წარმატებულ მომავალზე ვისოლ ჯგუფის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ვფიქრობთ, ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს საჭირო გამოცდილებას მივცემთ, რითაც თავად შეძლებენ უკეთესი მომავლის შექმნას", - აცხადებენ ვისოლში.
პროექტი ემსახურება აკადემიის სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, სწავლის მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესის პარალელურად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტში მონაწილეები კუნკურსის წესით შეირჩევა.
„ამერიკული აკადემია ორიენტირებულია განათლების მაღალ ხარისხზე და მომავალი ლიდერების აღზრდაზე. სწორედ ამიტომ, მშობელთა საბჭოს გაუჩნდა იდეა, სკოლის წარმატებული და მოტივირებული მოსწავლეებისთვის საშუალება მიეცა წარმატებულ ბიზნეს ჯგუფში მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება. იდეის ავტორების ხედვა სრულად დაემთხვა კომპანია ვისოლ ჯგუფის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ლოზუნგს ,,ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს''", - აცხადებს ამერიკული აკადემიის მშობელთა საბჭოს თავმჯდომარე მაია მოსიძე.
პროექტის მონაწილეებს ვისოლ ჯგუფში სამკვირიანი სტაჟირების შემდეგ მიეცემათ წერითი დავალება საუკეთესო თეზისის შესაქმნელად. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს კი ვისოლ ჯგუფი სამახსოვრო სიგელს გადასცემს.