უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს და წინასწარი თარიღებიც უკვე არსებობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე ამერიკელ წარმომადგენლებთან მუდმივ, ფაქტობრივად 24-საათიან კონტაქტზე იმყოფება.
„ახლახან შეხვედრა გავმართე გუნდთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მუშაობს. ფაქტობრივად, 24/7 მათთან კავშირზე ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. არსებობს წინასწარი თარიღები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კიევი ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლას უახლოეს დღეებში. ამერიკულმა მხარემ ასევე დაადასტურა შეხვედრების გამართვა როგორც მოსკოვში, ისე კიევში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა კვლავ აქტიური დარჩეს. მზად ვართ, უკრაინაში მათთან მაღალი დონის და შინაარსობრივი შეხვედრებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
31 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, უკრაინაში მათი შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.