ქართული ჰიდროპოტენციალით დაინტერესებას და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნორვეგიიდან ცდილობს. ნიკოლოზ გილაურმა პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრები უკვე გამართა. პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკულ ფორუმსაც დაესწრო და ინვესტორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო. გილაურმა ბიზნესმენებთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კერძო ინვესტორებისთვის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ფორუმს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ეს არის ქვეყანა, რომელმაც უკვე დაიწყო საქართველოს ჰიდროპოტენციალისკენ ყურება. ერთ-ერთი კომპანია საქართველოში ჰესების კასკადის მშენებლობას უკვე იწყებს და აქვს დაინტერესება, რომ საქართველოში ინვესტირება განახორციელოს. ძალიან ბევრ პოტენციურ ინვესტორს შევხვდი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ისინი საქართველოში ჩამოვლენ დაიწყებენ კვლევებს", - აღნიშნა გილაურმა.
კონფერენციის შემდეგ გილაური ნორვეგიულ კომპანია "აკერშუს ენერჯიში" ალტერნატიული ელექტროენერგიის მოპოვების ტექნოლოგიებს გაეცნო.
დღესვე პრემიერ-მინისტრი ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრებენ.